top of page
Search

რა არის საავტორო უფლება?

Updated: Sep 24, 2022




ყველაზე ელემენტარულით რომ დავიწყოთ, საავტორო უფლება ეს ერთგვარი საკუთრების უფლებაა. როგორც შენ შეიძლება გქონდეს საკუთრებაში ავტომანქანა, ტელეფონი ან ნებისმიერ ნივთი, ასევე შენ როგორც ავტორს შეიძლება საკუთრებაში გქონდეს შენს მიერ შექმნილი ნაწარმოები. ნაწარმოები, სწორედაც რომ ნაწარმოები არის ამოსავალი წერტილი საავტორო უფლებების არსებობის. თუ არ არსებობს ნაწარმოები, არ არსებობს საავტორო უფლება.


სამწუხაროდ ხშირად ეშლებათ საავტორო უფლება საერთოდ სხვა სფეროებში. ყველაზე ხშირია ტერმინი საავტორო უფლების დაპატენტება. მაშინ როცა, პატენტი და საავტორო უფლება ერთმანეთთან არანაირ კვეთაში არ არიან. პატენტი გაიცემა გარკვეულ გამოგონებაზე, ხოლო საავტორო უფლებას იცავ შენს ნაწარმოებზე: მუსიკაზე, მოთხრობაზე, ფილმზე, ნახატზე, ფოტოზე, სპექტაკლზე და ა.შ. მეორე გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა საავტორო უფლებისა და კომპანიის ლოგოს შორის კავშირზე. როდესაც კომპანიის ლოგოს იყენებენ უნებართვოდ, ამ შემთხვევაში ხდება კომპანიის სასაქონლო ნიშნის და არა საავტორო უფლების დარღვევა.


მაშ ასე, იმისათვის რომ არსებობდეს საავტორო უფლება ხელოვანმა გარკვეული მატერიალური სახით უნდა შექმნას ნაწარმოები. შექმნა ამ შემთხვევაში გულისხმობს ნაწარმოების ფიზიკური ფორმით არსებობას: მუსიკალური ჩანაწერი, წერილობითი მოთხრობა და ა.შ. თვითონ იდეა, თუნდაც ნაწარმოების იდეა, რომელიც არ არის გამოხატული კონკრეტული ფორმით, დაცული არ არის.


განსხვავებით პატენტისგან, სასაქონლო ნიშნისგან და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებისგან, საავტორო უფლებების დასაცავად არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, მაშინ როდესაც გამოგონებას ვერ დაიცავ თუ მასზე პატენტი არ აიღე / დაარეგისტრირე, კომპანიის ლოგოს ვერ დაიცვა თუ სასაქონლო ნიშნად არ დაარეგისტრირე და ა.შ. თუმცა, ნაწარმოების რეგისტრაცია მაინც შესაძლებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ კონკრეტული თარიღით შეიქმნას მტკიცებულება, რომ ამა და ამ დროს პირმა ნაწარმოები დაარეგისტრირა, დააფიქსირა ნაწარმოების არსებობის ფაქტი, რათა შემდგომ თუ მოხდა მისი ნაწარმოების პლაგიატი, ავტორს შეეძლება დაამტკიცოს, რომ მას უკვე ნაწარმოები დარეგისტრირებული ჰქონდა.


მთავარი თავისებურება რაც საავტორო უფლებას გააჩნია არის ის, რომ იგი განსხვავდება მატერიალური საკუთრებისაგან მისი ფლობისა და გამოყენების კუთხით. მაგალითისათვის, როდესაც შენ შედიხარ მაღაზიაში, იხდი ფულს, ყიდულობ კარაქს, ეს კარაქი უკვე შენი ფიზიკური საკუთრებაა. შესაბამისად, რადგანაც ფიზიკურ საკუთრებას ამ საგანზე შენ ფლობ, მას შენი სურვილისამებრ იყენებ და მის გამოყენებაზე დამატებით რაიმე რეგულაციის გათვალისწინება არ გიწევს. ამ მხრივ, საავტორო უფლებას სრულიად განსხვავებული ბუნება აქვს. შენ რომ მიდიხარ მაღაზიაში, ყიდულობ მუსიკალურ დისკს (არ აქვს მნიშვნელობა ლიცენზირებულს თუ არა ლიცენზირებულს), შენ მხოლოდ იძენ ამ მუსიკის მოსმენის უფლებას, შენთვის, შენი ოჯახის წრისთვის და ა.შ. შესაბამისად, იმისათვის, რომ შენ ეს მუსიკა „გამოიყენო“: ჩართო რესტორანში, ბარში, გაუშვა რადიოში, შეასრულო ცოცხლად და ა.შ. შენ გჭირდება ორი რამე: აიღო ამის ნებართვა უფლების მფლობელისგან (მისი წარმომადგენელი პირისგან/კომპანიისგან) და გადაიხადო შესაბამისი ჰონორარი. ამის მიზეზი ის არის, რომ ქართული თუ საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, საავტორო უფლების შეძენა ამ საკუთრების განსხვავებული სპეციფიკის გამო დისკის ყიდვით არ ხდება და ისედაც, შენ არ იძენ მუსიკას, შენ იძენ მუსიკის პირადი სარგებლობისთვის გამოყენების უფლებას და არა თავად ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შენ იძენ საკუთრებას ფიზიკურ დისკზე, როგორც „კარაქზე“, მასში შემავალი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები (მუსიკალური ნაწარმოებები), შენი საკუთრება არ ხდება და მისი მხოლოდ პირადი (და არა საჯარო) სარგებლობით გამოყენების უფლება გაქვს.



ეს არის ის წესები, რომლებიც დღევანდელ ინდუსტრიაში მოქმედებს და მსგავსი პრაქტიკა უკვე საუკუნეებს ითვლის. არ შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო მარტივი? არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაგალითისთვის, ცნობილი სიმღერა ერთხელ რომ გამოვიდოდა CD-ზე, მერე მე, შენ, სხვა ავდგებოდით და ჩვენვე გავამრავლებდით უნებართვოდ, რადიო და ტელევიზია გაუშვებდა უნებართვოდ, რესტორანი და ბარები გაუშვებდა უნებართვოდ და აღარ იარსებებდა ინდუსტრია, რადგან, ბაზარზე აღარ იქნებოდა საჭიროება, რომ მომხმარებელს ავტორის/მომღერლის მიერ გამოშვებული დისკი შეეძინა, მუსიკის საფასური გადაეხადა ნებისმიერი გამოყენებისთვის და ა.შ. მთავარი კი ის არის, რომ ისინი, ვინც ქმნიან თუ ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, სწორედ ამ ნაწარმოებების „კვლავ წარმოებით“ ცხოვრობენ და ეს არის მათი პროფესია და შემოსავალი. საავტორო უფლება რომ იყოს მატერიალური საკუთრების მსგავსად ამოწურვადი, ვერ იარსებებდა ინდუსტრიაც.


და ბოლოს, საავტორო უფლებები არ წარმოადგენენ უვადო უფლებებს. ნაწარმოებზე საავტორო უფლებები დაცულია ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც აღნიშნული უფლებების დაცვას მისი მემკვიდრეები ახორციელებენ. თუმცა, ავტორის ზოგიერთი არაქონებრივი უფლება დაცულია უვადოდ. კერძოდ: ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობის და რეპუტაციის პატივისცემის უფლება.


ავტორი: მირიან კულულაშვილი



Comentarios


bottom of page